32 წლის რუსი ქალი, მარგარიტა რეუტი, რომელიც სავარაუდოდ ესკორტად მუშაობდა დროებით ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს და 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად ედება ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება, რომელმაც უკრაინის მოღალატე რობერტ შაგეევი იმსხვერპლა. სევასტოპოლში ნაგვის ურნაში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ იმ დროს ამოქმედდა, როცა შაგეევმა ჩაიარა. 49 წლის კაცი ადგილზევე მოკვდა. რუსეთმა რეუტი სიკვდილით დასრულებული ტერორიზმის ბრალდებით დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან დაკავების შემდეგ დანაშაული აღიარა. რუსული ტელეგრამ-არხის, Mash-ის ცნობით, კითხვაზე, ნანობდა თუ არა მკვლელობას, რეუტმა უპასუხა: „არა“.
New York Post-ის თანახმად, რეუტი ფიგურირებდა ესკორტის ვებგვერდებზე და მანამდე ცხოვრობდა იაროსლავლსა და სოჭში, პარალელურად კი რეგულარულად მოგზაურობდა ყირიმში. რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ ის უკრაინის დაზვერვის მითითებით მოქმედებდა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში დაამყარა კონტაქტი უკრაინულ სპეცსამსახურებთან. უკრაინის ხელისუფლებას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ არ აუღია.
რეუტი რუსეთის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში მოექცა. მას შემდეგ, რაც რუსეთის როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურზე უკრაინული დრონით იერიში მიიტანეს, სამარადან ადლერისკენ მატარებლით მგზავრობისას მან დაიყვირა: „ღირსები ხართ, რუსებო!“ ამ ინციდენტის გამო იგი ორი დღით დააკავეს და „რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის“ დაახლოებით 365 დოლარით დააჯარიმეს.
რობერტ შაგეევი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს შესრულებული როლის გამო, უკრაინის მიერ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით იძებნებოდა. იმ პერიოდში ის უკრაინის ერთადერთი წყალქვეშა ნავის, „ზაპოროჟიეს“ მეთაური იყო. მან ყირიმის დაკავების დროს ხომალდი ჩააბარა და რუსეთის ძალებს შეუერთდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს კი, ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მსახურობდა.

