ახალი ამბები მთავარი

“დღევანდელი ევროპული მშვიდობა ქართული სისხლითაცაა ნაყიდი”: დავით თევზაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე, სოციალურ ქსელში 9 მაისის ისტორიულ მნიშვნელობას ეხმაურება:

“დღეს 9 მაისია, დღე რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის კამათისა და ინტერპრეტაციების თემადაა ქცეული. მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა:
ვფიქრობ, რომ სანამ მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანთაგან ერთი მაინც ცოცხალია, ეს იქნება გამარჯვების დღე, მათი გამარჯვების დღე და ვერავინ მათ ამ დღეს ვერ წაართმევს.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როდესაც ამ გამარჯვების შემხსენებელი არ დარჩება, როგორ და რითი ვცეთ პარივი იმ სამასი ათასამდე დაღუპული ქართველის ხსოვნას, ვინც ამ ომმა შეიწირა, იმ სამასი ათასამდე შვილდაკარგული დედის ძაძებს, რომლებმაც მხოლოდ სამკუთხა შეტყობინებები დაიტირეს, იმ სამასი ათასამდე საფლავს რომელიც მიმოფანტულია რუსეთ-უკრაინის ტრამალებსა და ევროპის მინდვრებს შორის, ჩრდილოეთის ტექსელიდან აფრიკამდე? ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვინაიდან ვერც სხვის გამარჯვებას ვერ მოვიპარავთ, და არც ქართული გმირული სულის გაბიაბრუებას გვაპატიებს შთამომავლობა.
მე მეამაყება, რომ საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, იუგოსლავიის ეროვნულ გმირებს შორის ქართული გვარებიცაა.
მე მეამაყება, რომ ერთ-ერთი მათგანი, პოლონეთის სამსახურში შესული, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ოფიცერი ვალერიან თევზაძეა.
მე მეამაყება, რომ ქართველ საბჭოთა კავშირის გმირებს შორის, დედაჩემის ძმის, იაროსლავ იოსელიანის სახელიცაა.
მე მეამაყება, რომ გამარჯვების დროშა დაცემული ბერლინის თავზე ქართველმა ქანთარიამ აღმართა და მეამაყება ისიც, რომ იმ სამ ადამაინს შორის, რომელიც თეირანსა და იალტაში ომისშემდგომი ევროპის მომავალს ძერწავდა, ერთი იყო ქართველი.
მინდა, რომ ამით შვილებმაც იამაყონ.
მინდა, რომ ყველამ იცოდეს, დღევანდელი ევროპული მშვიდობა ქართული სისხლითაცაა ნაყიდი.”-წერს დავით თევზაძე. 

იტვირთბა....