“პარტიზანული მებაღეობის” წევრს, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს, ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით წაუყენეს, ასევე, მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყეს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
საგამოძიებოს უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილე გიორგი ა.-ხ მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.
”პარტიზანი მებაღეების” ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე, იოსებ ხიმშიაშვილი.
ალეკო ელისაშვილი ჯარიმის სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. დანარჩენი 3 პირის სასამართლო პროცესი კი გრძელდება.