„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ „ნაცმოძრაობის“აღმასრულებელ მდივან, სერგო რატიანთან
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის პარტიის დატოვებას პოლიტიკურ წრეებში “მთავარ ოპოზიციურ” პარტიაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ. “დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა, ყველგან უიმედობა და უპერსპექტივობაა, ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინიოთ პერსპქტივა და რეალური შესაძლებლობები განვითარებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლია მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას.” – ასე განმარტა ვაშაძემ პარტიის დატოვების მიზეზი.
“მეტრონომი” პარტიაში არსებულ შესაძლო კრიზისზე პარტიის აღმასრულებელ მდივანს სერგო რატიანს ესაუბრა.
“მეტრონომი”: ვაშაძემ წასვლის წინ პარტიაში არსებულ კრიზისზე ისაუბრა. კონკრეტული გვარებიც დაასახელა, რომლებიც რეალურად “ნაციონალურ მოძრაობას” განაგებენ და „კაბინეტურ მმართველობას“ გაუსვა ხაზი. არსებობს კრიზისი პარტიის შიგნით?
სერგო რატიანი: “პარტიამ, რომელმაც შეძლო სამწლინახევრის თავზე შეემცირებინა 50%-იანი განსხვავება რეიტნიგში და ფაქტობრივად, დღეს პირველ ადგილზეა და მთავარი ალტერნატიული ძალაა ამჟამინდელი ხელისუფლების, პარტია, რომელსაც ნდობის ხარისხი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მოქმედ ხელისუფლებას, იმის თქმა, რომ ის კრიზისში იმყოფება სრული აბსურდია. გარდა ამისა, ეს პარტია იმართება დემოკრატიულ პრინციპებით, გვყავს მართლაც ძალიან ბევრი ლიდერი. სოციალური კვლევების მიხედვით, როდესაც აფასებენ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ უპირატესობას, ამბობენ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ძლიერი ლიდერი.
– თუმცა ეს ლიდერები დიდი ხანია რაც თქვენს პარტიაში არიან…
– მე 2012 წლის 28 აგვისტოს გავწევრიანდი პარტიაში. ნიკა მელიაც ახალი კადრია. ბევრი ლიდერი გვყავს, რომელიც პარტიის ახალი სახეა. ჩვენი პარტიის სიძლიერეც ახალ სახეებშია. ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი მოდის “ნაციონალურ მოძრაობაში” და მათ ხვდებათ გამოცდილება. ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ, ყველა ვერ უძლებს ამ წნეხს. პარტია არ არის მეგობართა კლუბი. დიდ პარტიებში ყოველთვის არსებობს სერიოზული ინტერესთა ჯგუფები. მათ აქვთ ერთიანი იდეა, თუმცა სხვადასხვა ტაქტიკური ხედვის ადამიანები არიან. ძლიერება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა შეჯერდეს და ერთი ძალით იმოქმედო.
– ამ წნეხს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” განიცდის?
– ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ ყველაზე დიდი რეპრესიები “ნაციონალურმა მოძრაობამ” განიცადა? 22 ათასი ჩვენი თანაპარტიელი იყო პროკურატურაში დაბარებული. პარტიის თითქმის ყველა ლიდერი ან დაკავაბულია, ან დევნილი.
– თქვენი აზრით, რა გახდა ვაშაძის პარტიიდან წასვლის მიზეზი?
– სამწუხაროდ, მან ბოლომდე ინტეგრაცია ვერ მოახდინა ამ პარტიაში. ჩვენი მოთხოვნა და პრინციპი სიის შედგენისას არის და იყო განახლება და ამ განახლების პრინციპის გამოცხადების შემდეგ ბევრმა ლიდერმა და ხვათაშორის მათ ვისაც ვაშაძე გუშინ ასახელებდა, განაცხადეს, რომ მოწინავე პოზიციებს ახალ ფიგურებს დაუთმობდა. ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს სურს ჩვენს პარტიაში მოსვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და გადაწყვეტილი გვაქვს სიაში საკმაოდ სერიოზული პოზიციები მათ დავუთმოთ. ის მუდმივად გამოთქვამდა ამ მიმართულებით უკმაყოფილებას, ეს პრობლემა ყოველთვის იდგა. გუშინდელ დღემდე, მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
– თქვენ თქვით, რომ მან ინტეგრაცია ვერ მოახერხა. ინტეგრაციაში გავლენის მოპოვება იგულისხმეთ?
– მას გავლენა ჰქონდა. მაგალითად, გვქონდა ღია არჩევნები აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე. მე 28 ხმა ავიღე და მას 25 ხმა ჰქონდა. ეს ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენს შორის იდეების ჭიდილი იყო და პარტიამ ჩემს ხედვას დაუჭირა მხარი. ხმების განაწილებით ჩანს, რომ პარტიის გარკვეული წევრებისთვის მისი ხედვაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.
– მოახდენს თუ არა კადრების გადინების პროცესი “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგზე გავლენას, თქვენ მაინც სტაბილური ამომრჩეველი გყავთ, მაგრამ წინასაარჩევნოდ ყველაფერია მოსალოდნელი..
– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების, რომელსაც არანაირი რეპუტაცია აღარ შერჩა. გასაგებია, რომ ნებისმიერი მსგავსი ქმედება ჩვენი პარტიის წევრთაგან, წყალს ასხავს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით და ეს რეალობაა. სწორად აღნიშნეთ, ჩვენ გვყავს სტაბილური, მყარი ამომრჩეველი…
– რომელთა რიცხვიც მაინცდამაინც არ იზრდება…
– არა. ამ მიმართულებით არასწორი ინფორმაცია გაქვთ. შარშან თებერვლის ბოლოს IRI-ის კვლევაში გვქონდა 13% და 34% ჰქონდა მმართველ ძალას. დღეს ჩვენ გვაქვს 19% ხოლო “ქართულ ოცნებას” 20%. ჩვენი რეიტინგი მზარდია, მათი – კლებადი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ერთპროცენტიანი სხვაობა სამთავრობო პარტიასთან იმას ნიშნავს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს ლიდერობს და ის პირველ ადგილზეა. ადამიანები, რომლებიც არ ამბობენ როგორც წესი, ჩვენნაირ ქვეყნებში მხარს უჭერენ ოპოზიციურ პარტიას.
– იმავე კვლევებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს გადაწყვეტილი არ აქვს ვის დაუჭერს მხარს და მათი ხმაც ოპოზიციურ ძალებზე გადანაწილდება?
– რასაკვირველია ეს გადანაწილდება ოპოზიციურ ძალაზე და როგორც წესი, იგივე პროპორციებით ნაწილდება, როგორც არის დალაგებული ოპოზიციური სპექტრი.
მარიამ ვარადაშვილი