ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ნარმანია საკრებულოში არ მივა, შესაძლოა, საკრებულოს აღარ მოუნდეს მასთან შეხვედრა”

ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგის და მეგობრის დავით ნარმანიას პოზიციამ, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

 

„გავოცდი ასეთი განცხადების გამო და მე მინდა ვთხოვო, ვურჩიო დავითს, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ – თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არამხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია და ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს – მერებს, მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს – მაინცდამაინც რაიმე დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი ისტორია. ყველა საკითხზე ყველას უნდა გვქონდეს პასუხი და უნდა შეგვეძლოს გავცეთ პასუხი, მათ შორის, უსაფუძვლო კითხვებს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვაზე პასუხის არგაცემა ყველაზე ნოყიერი საფუძველია შემდგომი სპეკულაციებისა და ჭორებისთვის.

 

„მე მინდა დავინახო განვითარებული თბილისი, ათვისებული ტერიტორიები, გაშენებული ბაღები, ბოტანიკური თუ სხვაც, მინდა დავინახო აქტიური ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ ასევე მინდა ვხედავდე, რომ ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი მითქმა-მოთქმის საფუძვლების გარეშე. ამიტომ მეტი გარკვევა თუ სჭირდება ვინმეს, უნდა გაირკვას მეტად. ისიც ფაქტია, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს რაღაცა წარმოაჩინოს თავისთვის სასარგებლოდ, მაგრამ თუ ვინმე ზედმეტად აბუქებს არარსებულ პრობლემას, ამას სჭირდება ფაქტებით, დოკუმენტებით უარყოფა და არა ის, რომ მე არ მივალ სადმე და არ დაგელაპარაკებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იტვირთბა....