ახალი ამბები მსოფლიო

“იმედი გვაქვს, ვაშინგტონი და პეკინი საკუთარ გავლენას გამოიყენებენ და მოსკოვს ომის დასრულებისკენ უბიძგებენ”- ანდრეი სიბიგა

უკრაინას იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას ვაშინგტონი და პეკინი საკუთარ გავლენას გამოიყენებენ და მოსკოვს ომის დასრულებისკენ უბიძგებენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პორტუგალიელ კოლეგასთან, პაულუ რანჟელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიბიგას თქმით, აშშ-სა და ჩინეთს რუსეთზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, განსაკუთრებით ომის დასრულების საკითხში.

„იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ საუბრის მთავარი გზავნილიც იქნება სწორედ რუსეთზე ზეწოლა ომის დასრულების მიზნით“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებს არაერთხელ გააცნო საკუთარი პოზიცია ომის დასრულების, უსაფრთხოების გარანტიებისა და ომის შემდგომი უსაფრთხოების წესრიგის შესახებ.

ამასთან, სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა მიიღონ.

მისივე თქმით, ომის დასრულება გლობალურ ინტერესებს, მათ შორის აშშ-ისა და ჩინეთის ინტერესებსაც შეესაბამება, რადგან ეს ევროპაში სტაბილურობის აღდგენასა და სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის დამყარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.

იტვირთბა....