აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირაკლი კობახიძისა და თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობების წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

ირაკლი კობახიძისა და თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობების წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი კომისიის როლი.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობაზე და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ფინანსურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.

იტვირთბა....