ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს.
საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. დღეს წმინდანის მიცვალების დღეა. დღესასწაულის აღნიშვნა წელს ბრწყინვალე შვიდეულს დაემთხვა.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.