ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„არიან ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილის ლიდერობა პარტიისთვის პრობლემაა“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთან

წინასაარჩევნო გარემო ნელ-ნელა იძაბება. „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო იქსაქსება, „გირჩის“ შემდეგ პარტიას გიორგი ვაშაძე გამოეყო, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს. როგორია ამ ყველაფრის ფონზე ამ და სხვა პარტიების შანსები, ამ და სხვა საკითხებზე „მეტრონომს“ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა:

„მეტრონომი“: თქვენი აზრით, შეძლებს პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ელექტორატის მობილიზებას, რათა არჩევნებში შედარებითი უპირატესობა მოიპოვოს თუ ფიქრობთ, რომ მას არ სჭირდება განსაკუთრებული მობილიზება?

კორნელი კაკაჩია: გააჩნია მათი მიზანი რა იქნება და თუ მათი მიზანი არის ის, რომ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვონ სრულად მოუწევთ პარტიის მობილიზება და შეიძლება თავად ბიძინა ივანიშვილის დახმარება და კონკრეტულად, წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება. სხვანაირად, თუ უფრო მეტად არ მოინდომებენ, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა პარტიებზე ცოტა მეტი მიიღონ, მაგრამ ეს არ იქნება მათთვის კომფორტული გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ისინი უმრავლესობას მიიღებენ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პარტიებსაც გარკვეული შანსები აქვთ და ამას მრავალი სხვადასხვა სოციოლოგიური და საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევები ადასტურებენ.

– „გირჩს“ რაც შეეხება, ის აქტიურ პოლიტიკაში გამოჩნდა. ეს ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალებისგან“ წამოსული წევრებისგან შედგება, საზოგადოებაში ეს  მთლად პოზიტივს არ იწვევს. წაართმევენ თუ არა ხმებს „ნაციონალებს“? და საერთოდ, რა შანსები აქვთ გირჩელებს. თქვენი აზრით, მოახერხებენ ბარიერის გადალახვას?

– სავარაუდოდ, შესაძლოა მე ვცდებოდე, მაგრამ „გირჩი“ ამ არჩევნებისთვის არაა შექმნილი. უბრალოდ ისინი, რა თქმა უნდა, მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ დრო არ ჰქონდათ, რომ წესიერად მომზადებულიყვნენ. მათი პარტიული სტრუქტურები არ არის ჯერ ბოლომდე რეფორმირებული. ასევე შეიძლება ითქვას ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით, რეგიონალურ ოფისებთან და უამრავ სხვა რამესთან დაკავშირებით. რეალურად თუ შევხედავთ, მე უფრო სკეპტიკოსების მხარეს დავრჩები, ისინი ალბათ ვერ გადალახავენ ამ არჩევნებში საარჩევნო ზღვარს. თუმცა, მათ შესაძლოა გარკვეული ხმები წაართვან „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნამდვილად შეიძლება ითქვას.

– დღეს გიორგი ვაშაძე გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ეს საარჩევნო სიის ათეულში ვერმოხვედრის გამო მოხდა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა და ეს მოვლენა ივანიშვილს დაუკავშირა. თქვენ, როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი ერიოს თუ  უფრო შიდა დაპირისპირებას უკავშირებთ?

– მე უფრო მჯერა, რომ სხვა პრობლემები იყო მანდ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია პრობლემებია. ვთქვათ იგივე სხვადასხვა ჯგუფებს შორს, რომელთა ხედვები განსხვავდება ამ პარტიის მომავლის შესახებ. აქ არის ის ჯგუფი, რომლებიც არ არიან კმაყოფილი იმ პოზიციით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უჭირავს. არიან ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა ამ პარტიისთვის პრობლემაა, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰყავს როგორც მომხრეები საქართველოში, ასევე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და პარტია საჭიროებს გარკვეულწილად რაღაც განახლებას, საჭიროა რებრენდინგი, ძველი ლიდერების წასვლა და ახალი ლიდერების მოსვლა, რადიკალური ცვლილებების მომხრეები არიან. არის მეორე ნაწილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობას“ აქვს,  სააკაშვილის დამსახურებაა და მისი პირადი რეიტინგის წყალობითაა.

სხვანაირად ალბათ ნებისმიერი მათგანი ცალკე აღებული ამდენი მხარდაჭერის მოგროვებას ვერ შეძლებდა და ა.შ. ეს კი გამოსახულებას პოულობს თუნდაც ვაშაძესთან დაკავშირებით, ამას ემატება ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერების ძალიან დიდი რაოდენობა ჰყავს, ამიტომ მადა უფრო დიდია, ვიდრე რეალური შესაძლებლობები. იგივე, ამ პარლამენტში ალბათ ისინი იმ რაოდენობით ვერ შევლენ, როგორც წინა პარლამენტში და ბუნებრივია ამან გამოიწვია კიდევ უფრო გამწვავება პირადი ურთიერთობების ამ სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ალბათ ეს უფრო არის ერთ-ერთი მიზეზი მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი ვაშაძე სხვებისგან განსხვავებით თავიდან არ იყო პარტიული მოღვაწე და სხვადასხვა საჯარო მოხელე იყო, შემდეგში შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ფიგურა დაკავშირებული იყო რეფორმებთან. იგივე სამსახურების და ა.შ. ამ მხრივ სერიოზული დანაკლისია თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯისთვის, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში.

– თქვენ შიდა დაჯგუფებებზე საუბრობდით და ვრცელდება ასეთი ონფორმაციაც, რომ რადგან გიორგი ვაშაძის ცოლი ვანო ჩხარტიშვილის დის შვილია, შესაძლოა იმ ახალი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, რომლის ჩამოყალიბებასაც ვაშაძე აპირებს, სწორედ ჩხარტიშვილისგან დაფინანსდეს…

– ნამდვილად არ ვიცი და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არ ვიცი ის პირადად რას ფიქრობს და რისი იმედი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ის არის პირველი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, მანამდე იყო „გირჩის“ ხალხი და სამწუხაროდ, ეს ალბათ არ იქნება უკანასკნელი, განსაკუთებით არჩევნების შემდეგ. იმიტომ, რომ არჩევნების წინ არ მგონია ამდენ რყევას გაუძლოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები და შესაძლოა ეს შიდაპარტიული დაპირისპირებები ისევ გაგრძელდეს.

– რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, რა შანსები აქვთ მათ არჩევნებზე? მათ მიიღეს გადაწვეტილება, რომ არჩევნებზე ცალკე გავიდნენ. როგორ ფიქრობთ, მათ ამ გადაწყვეტილებით თავი ხომ არ გაწირეს? ხომ არ ჯობდა, ისევ კოალიციაში დარჩენილიყვნენ?

– თავი გაწირეს თუ არა, ეს ცოტა რთული სათქმელია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთლად მათი გადაწყვეტილება არ იყო. რეალურად ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ისინი იძულებულები გახდნენ, მათთვის საკმაოდ კომფორტულ პოზიციაზე უარი ეთქვათ და ცალკე მიეღოთ მონაწილეობა. თვითონ „ქართულ ოცნებას“ აღარ სურდა მათთან ალიანსი და ეს იგრძნობოდა უამრავი მათი ლიდერის განცხადებებიდან. აქედან გამომდინარე, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, უბრალოდ ერთადერთი ის არის, რომ ეს ხომ არ იყო დაგვიანებული გადაწყვეტილება და მათ შეეძლოთ მიეღოთ მაშინ, როცა ირაკლი ალასანიამ გააკეთა იგივე არჩევანი.

აქედან გამომდინარე, ალასანიას პარტიას ნაკლები ბმა აქვს „ქართულ ოცნებასთან“. რა თქმა უნდა, ამომრჩეველს ახსოვს, რომ ისიც ასოცირებული იყო „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ორი პარტიის შესაძლებლობას, ბევრი რამით გვანან ერთმანეთს, მათ შორის იდეოლოგიით და ამომრჩევლებიც სავარაუდოდ, ერთი და იგივე ჰყავთ, მაგრამ მათ შორის განსხვავება მაინც არის და ალბათ ახლა არჩევნები გვანახებს იმას თუ რამდენად შეძლებენ „რესპუბლიკელები“ დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბებას და ამომრჩევლების დარწმუნებას იმაში, რომ ისინი არიან ანგარიშგასაწევი ძალა, რომელსაც შეუძლია გარკვეული ამინდი შექმნას ქართულ პოლიტიკაში.

რადგან „თავისუფალ დემოკრატებზე“ დავიწყეთ საუბარი, იმ ყველაფრის ფონზე, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და ნელ-ნელა იქსაქსება, იმის გათვალისწინებითაც, რომ გამოკითხვების მიხედვით „თავისუფალი დემოკრატები“ რეიტინგში მესამე ადგილზე არიან, როგორ ფიქრობთ, გაეზარდათ თუ არა მათ შანსები არჩევნებზე?

– მთლიანობაში მე ვიტყოდი, რომ ალბათ „თავისუფალ დემოკრატებს“ სავარაუდოდ, ყოველ შემთხვევაში თუ დავეყრდნობით ამ საზოგადოებრივ გამოკვლევებს, არ უნდა გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა, უბრალოდ სხვა მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენი პროცენტით შევლენ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი კონკურენტების მდგომარეობას, იგივე „ნაციომალურ მოძრაობაში“ შექმნილი სიტუაცია, შეიძლება ამ ყველაფერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ავნოს და იმ შემთხვევაში თუ ეს კრიზისი გაგრძელდა ამ პარტიაში, შეიძლება ამომრჩევლების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ზოგადად, პრო-დასავლური არიან და არ გამოირჩევიან გარკვეული ლიბერალური ფასეულობებით, შეიძლება მათმა გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭიროს „თავისუფალ დემოკრატებს“.

შესაბამისად, აქ კონკრეტულ ციფრს ვერავინ დადებს, მაგრამ თვითონ რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის გადალახვას, მემგონი, მათ ამ მხრივ პრობლემა არ ექნებათ.

– „პატრიოტთა ალიანსს“ რაც შეეხება. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მათთან და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ალიანსს არც ახლა და არც მომავალში არ გეგმავს. სწორი არის თუ არა პრემიერისგან ეს განცხადება და მაშინ რატომ ხდება ისე, რომ მის პარტიაში სხვადასხვა სახეები არ გამორიცხავენ მათთან ალიანსს?

– თვითონ განცხადება სწორია. წინასაარჩევნი პერიოდში ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აქ იბადება მეორე შეკითხვა: რამდენად შეძლებს თვითონ კვირიკაშვილი გახდეს „ქართული ოცნების“ ლიდერი იმიტომ, რომ ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა პარტიებში, აქაც მიმდინარეობს შიდაპოლიტიკური ბრძოლები. ის ცნობილი ფორმულა ბებერ ნიანგებსა და ახალგაზრდებს შორის, სწორედ ამ პარტიებს ეხებათ და როგორც მოვლენებმა აჩვენეს, სხვა პარტიებშიცაა პრობლემა. ამიტომ, მთავარი შეკითხვა აქ ის არის, რამდენად შეიძლება კვირიკაშვილი გახდეს ლიდერი. ერთია, იყოს პრემიერ-მინისტრი და მეორე – რამდენად შეძლებს შეარიგოს სხვადასხვა ჯგუფები, ეს არის ახალგაზრდული ფრთები და კონსერვატორული ჯგუფები, რომლებიც არ მალავენ საკუთარ მოსაზრებებს როგორც ნატოსთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან დაკავშირებით და მათ შორის არც გამორიცხავენ პარტნიორობას ინაშვილის პარტიასთან და ბურნაჯაძესთან. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს ამ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში და რომელი შექმნის ამ პარტიულ სიას, ანუ ვის ექნება გადაწყვეტილების მიღების უფლება, გარდა ივანიშვილისა, ან თავად ივანიშვილი ვის მიანიჭებს ამ უფლებას და მოახერხებს თუ არა ჩააჩოჩოს ის რეტროგრადული ჯგუფი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებობს. თუ ამ რეტროგრადულმა ჯგუფმა გაიმარჯვა, ალბათ კვირიკაშვილის განცხადება გამოჩნდება არარელევანტური და შეიძლება მათთან ალიანსიც კი შეკრან არჩევნების შემდეგ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა ვერ შეაგროვეს.

– პატარა პარტიებზეც მინდა გკითხოთ, ვგულისხმობ მხარდამჭერების მხრივ პატარა პარტიებს. მათი გაერთიანება რეალურად შექმნის პოლიტიკურ ამინდს?  

– სავარაუდოდ, ალბათ არა, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ისინი არ აქტიურობენ და არ აქვთ გარკვეული კონკრეტული ინტერესთა ჯგუფები, საქართველოში გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებში ძალიან გაუჭირდებათ და მათი გაერთიანება ბევრს არაფერს მოგვცემს. ამან შეიძლება კიდევ უფრო დააბნიოს ამომრჩეველი.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ წელს მულტიპარტიული პარტლამენტი ჩამოყალიბდეს?

– აუცილებლად, მგონი ეს გარდაუვალია, უბრალოდ აქ ლაპარაკია, რამდენი პარტია შემოვა – სამი, ოთხი, ან შეიძლება ხუთიც. ყველა ვარიანტში გვექნება მულტიპარტიული პარლამენტი, იქნებიან წარმომადგენლები განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფები, რაც მთლიანობაში დემოკრატიის თვალსაზრისით, არის ძალიან კარგი, მაგრამ რაც ყველაზე რთული იქნება და ნაკლებად სასიამოვნოა. ალბათ, რაც უფრო ჭრელი იქნება ეს პარლამენტი მით უფრო ძნელი იქნება გადაწყვეტილების მიღება მათ შორის რეფორმებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ხშირად დროსთანაა დაკავშირებული, გაიწელება, განსაკუთრებით პარლამენტში.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....