აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, მათ ნებასთან დაპირისპირება – ეუთო აღმოჩნდა დაკვეთის შემსრულებელი” – ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის „განხილვასაც კი არ აქვს აზრი, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად სიცრუით და ცილისწამებით არის გაჟღერებული“.

კობახიძის თქმით, ეს დოკუმენტი ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს არაფრით აკმაყოფილებს.

„არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და ამ შემთხვევაში, უკვე ეუთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი. თქვენ იცით, რომ აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც დამტკიცდა ასამბლეის სხდომაზე. საერთოდ, ამ დოკუმენტის განხილვასაც კი არ აქვს აზრი, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად სიცრუით და ცილისწამებით არის გაჟღერებული ეს რეზოლუცია. შესაბამისად, ერთადერთი, ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას. სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და სამართლიანი მიდგომა.

ეს დოკუმენტი ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს არაფრით აკმაყოფილებს, თუმცა დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის უკვე სრულიად ახლის სტანდარტი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, რაც ძალიან დასანანია. სწორედ ეს პრობლემები ქმნის საბოლოო ჯამში მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში, როგორც იდენტობის კუთხით, (იცით, თუ რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში იდენტობის შენარჩუნების კუთხით), ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები. სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, უსამართლობის, ორმაგი სტანდარტის შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომელსაც ევროპის მასშტაბით ვხედავთ,“ – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს “ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის – “საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: “გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.

იტვირთბა....