ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი რომში დღეს დაიწყება და ხვალაც გაგრძელდება.
მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპილოტე პროგრამას, რომელიც ლიბანის შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიაზე განლაგებას მოიცავს, საიდანაც ისრაელის თავდაცვის ძალები უნდა გავიდნენ.
ისრაელის დელეგაციას აშშ-ში ისრაელის ელჩი იეჩიელ ლეიტერი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, ეს ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მხარეებმა ვაშინგტონში ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს.
ჩარჩო შეთანხმება ლიბანის სუვერენიტეტის აღსადგენად და „ჰეზბოლას“ განიარაღებისთვის სტრუქტურულ პროცესს აყალიბებს. ასევე, შეთანხმება ისრაელს საშუალებას აძლევს, რომ თავის საზღვრებს დაუბრუნდეს, მას შემდეგ, რაც მისი მოქალაქეების მიმართ საფრთხე აღმოფხვრილი იქნება.

