გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ – ეს კატეგორიულად მიუღებელია – ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ კახა კალაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროის განმავლობაში მხოლოდ შანტაჟს და მუქარას ხედავენ.
„გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია. ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი და ის მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებით ვხედავთ. ის მხოლოდ ტყუილზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. შანტაჟი და მუქარა – ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია – ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა კალაძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, კაია კალასის განცხადება, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა არ სურთ, არის თუ არა ეს ქართველი ხალხის ნების არაღიარება, კალაძემ უპასუხა, რომ „დღეს ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე კრიზისშია.“
„ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ საქართველოში ხელისუფლებას ქართველი ხალხი ირჩევს. დღეს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს წარმოადგენს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. გვესმის მათი პოლიტიკა და ვხედავთ იმ არასამართლიან დამოკიდებულებას, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ აქვთ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს. დღეს ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე კრიზისშია – მათი გადაწყვეტილებები, განცხადებები. თუნდაც ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხეთ, რა დამოკიდებულება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან. გასაგებია ის კონკრეტული ქვეყნების მაცხოვრებლების დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაღელვებს. ეს უსამართლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით.

