უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა – არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას ისახავს.
ახალ სამხედრო გაერთიანებაში შედის გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვედეთი და უკრაინა.
„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ფლაგმანურ პროექტს, რომელიც მიმართულია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პოტენციალის ოპერატიული განვითარებისკენ”- ნათქვამია ლიდერების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება 13 ივლისს, პარიზში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაჟღერდა. საერთაშორისო შეხვედრას, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, 25-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ახალი ალიანსის დაფუძნებით ევროპამ მკაფიო არჩევანი გააკეთა უკრაინის დაცვასა და კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

