არის ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას, არის ძალიან მძიმე და სამარცხვინო მოვლენა.
„ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი როდესაც არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

