აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოლოდვაში აცხადებენ, რომ კაუშანის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

მოლოდვაში, კაუშანის რაიონის სოფელ კოპანკას მახლობლად, დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ NewsMaker ავრცელებს.

მოლდოვის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაცემებით, საუბარია რუსულ „გერან-2“-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელმაც უკრაინაში ოდესის ოლქზე საჰაერო თავდასხმების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში გადაიფრინა.

პოლიციის გენერალური ინსპექტორატის განცხადებით, დაახლოებით 01:03 საათზე 112-ის სამსახურის მეშვეობით შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კაუშანის რაიონის სოფელ კოპანკას გარეუბანში მოსახლეობამ აღმოაჩინა მცირე ზომის საფრენი აპარატი, რომელიც დრონს ჰგავდა. ის მიწაზე დაცემის შემდეგ აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

„შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრეები მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორია შემოსაზღვრულია, ხოლო სამართალდამცველები ატარებენ გამოძიებას მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად“, – განაცხადეს ინსპექტორატში.

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა „გერან-2“-ის ტიპის დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ოდესის ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად გადაკვეთა.

ამასთან, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა.

„ეს ახალი ინციდენტი წარმოადგენს მოლდოვის საჰაერო სივრცის სერიოზულ და მიუღებელ დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეებისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“, – აღნიშნეს სამინისტროში.

იტვირთბა....