აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ამბოხებულებმა მალიში რუსი სამხედროების კოლონაზე იერიში მიიტანეს

მალიში მეამბოხეთა ძალებმა 9 ივლისს დილით რუს სამხედროებსა და მალის სამხედროების კოლონაზე იერიში მიიტანეს. კოლონა ქალაქ ანეფისში მდებარე სამხედრო ბანაკში გამაგრებული რძალების დასახმარებლად მიემართებოდა.

ალ-კაიდას ადგილობრივმა განშტოებამ, ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინმა (JNIM) და და ტუარეგი სეპარატისტების სამხედრო ორგანიზაციამ, აზავადის გათავისუფლების ფრონტმა (ALF) 4 ივლისს მალიში კოორდინირებული შეტევები დაიწყეს და აცხადებენ, რომ ქალაქ ანეფისზე კონტროლი დაამყარეს. France 24 წერს, რომ ანეფისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან მის კონტროლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალის შესანარჩუნებლად, რომელიც დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული და ტუარეგი სეპარატისტების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად რჩება.

ანეფისის სამხედრო ბანაკში კვლავ იმყოფებიან რუსეთის აფრიკის კორპუსის მებრძოლები და მალის სამხედროების მცირე ჯგუფი.

ქალაქი კიდალი სეპარატისტებმა დაახლოებით ორი თვის წინ კიდევ ერთი მასშტაბური შეტევის შედეგად დაიბრუნეს.

France 24 აღნიშნავს, რომ მალის ხელისუფლებისთვის ანეფისის შენარჩუნება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რათა მომავალში კიდალის დაბრუნება სცადოს. თუ მეამბოხოეები და მათი ჯიჰადისტი მოკავშირეები ანეფისზე სრულ კონტროლს დაამყარებენ, მათ ქვეყნის ჩრდილოეთის დასაბრუნებლად შესაძლო სამთავრობო ოპერაციის მოგერიება გაუადვილდებათ.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქალაქ გაოდან გაგზავნილი პირველი გამაძლიერებელი კოლონა ჩასაფრებაში მოჰყვა, ხუთშაბათ დილით თავდასხმის სამიზნე მეორე კოლონაც გახდა. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

“ჩვენმა ძალებმა ხუთშაბათს ტაბანკორტის რაიონში (ჩრდილოეთ მალი) იერიში მიიტანეს გამაძლიერებელ ძალებზე, რომლებიც 90%-ით რუსი დაქირავებული მებრძოლებისა და მალის სამხედროებისგან შედგებიან” – განუცხადა AFP-ს FLA-ის წარმომადგენელმა მოჰამედ ელმაულუდ რამადანმა.

რუსეთი და მისი აფრიკის კორპუსი მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერის ხუნტებს, რომლებიც დღეს საჰელის სახელმწიფოების ალიანსში (AES) არიან გაერთიანებული, ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. ამავე დროს, მოსკოვი ცდილობს AES-ის ქვეყნებთან ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობაც გააღრმაოს.

იტვირთბა....