სომხეთში პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერი, პრორუსი ოლიგარქი გაგიკ წარუკიანი დააკავეს – მას განსაკუთრებით მასშტაბურ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. დაკავებამდე სომხეთის საგამოძიებო ორგანოებმა მის საკუთრებაში არსებულ დაახლოებით 70 მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს. მის ერთ-ერთ რეზიდენციაში სამი ლომი და ერთი ვეფხვი იპოვეს. ცხოველები დააძინეს და ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს.
წარუკიანს ჩამოართვეს მანქანები და 190-მდე ცხოველის ფიტულიც. გამოძიების განცხადებით, ეს ფიტულები და ცხოველებიც ნივთმტკიცებად არის მიჩნეული უკანონო ნადირობის საქმეზე, რომელმაც გარემოს დაახლოებით 77 000-მდე აშშ დოლარის ზარალი მიაყენა. წარუკიანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ცხოველები საუკეთესო პირობებში იმყოფებოდნენ, თუმცა სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებით, ისინი ამიერიდან პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

