ნატო-ს ლიდერები დღეს ანკარაში ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების შესახებ შეთანხმებების გამოცხადებას გეგმავენ, რათა აჩვენონ, რომ ითვალისწინებენ შეერთებული შტატების მოწოდებას, ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი თანხა დახარჯონ,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროპის მთავრობები ამ შეთანხმებებს ნატო-ს თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე გამოაცხადებენ, ვიდრე დონალდ ტრამპი ანკარაში ჩაფრინდება, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება და შემდეგ სამხედრო ალიანსის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელიც დღეს საღამოს ოფიციალური ვახშმით გაიხსნება.
შეიარაღების შესახებ გარიგებების დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგოზმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გარიგებებსა და გეგმებს გამოაცხადებს, მათ შორის ბელგიასთან საჰაერო თავდაცვის სფეროში და გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვაო ხომალდებთან დაკავშირებულ პარტნიორობას.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ნატო ასევე გეგმავს გამოაცხადოს, რომ აშშ-ში აგებული AWACS სადაზვერვო თვითმფრინავების მოძველებულ ფლოტს შვედური ალტერნატივით, Saab-ის GlobalEye-ით ჩაანაცვლებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გუშინ განაცხადა, რომ ევროპელებმა თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს, ნაწილობრივ რუსეთის შიშის გამო, რომელიც 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა, ასევე იმის გამო, რომ ტრამპი მათ ამისკენ „უკიდურესად მტკიცედ“ მოუწოდებდა.
„ჩვენ ახლა ვქმნით ალიანსს, რომელიც მდგრადია, სადაც აშშ-მა იცის, რომ ეს სამართლიანი შეთანხმებაა“, – განუცხადა რუტემ ანკარაში ჟურნალისტებს.
დონალდ ტრამპი დიდი ხანია ევროპულ მთავრობებს ადანაშაულებს იმაში, რომ ზედმეტად არიან დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეშვეობით მათი დაცვის კუთხით.

