რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმები გაისმა, რის შემდეგად ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე და ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე შუვაევზე, დაყრდნობით ავრცელებს.
შუვაევის, განცხადებით, ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
შუვაევმა მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო დარტყმები კვლავ განახორციელეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

