უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ზურგში 47 სამხედრო ობიექტს დაარტყეს – ინფორმაციას ამის შესახებ უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფის მეთაური რობერტ მადიარ ბროვდი ავრცელებს. მისი ცნობით, სწორედ უკრაინული დრონების წარმატებული იერიშების შედეგია ანექსირებულ ყირიმში ელექტროენერგიის სრული გათიშვა.
როგორც მადიარ ბროვდი წერს, განადგურებულია რუსეთის ორი უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“, უახლესი რადარი „Небо-У“, ქერჩის ნავთობბაზა და აზოვის ზღვაში საწვავით დატვირთული ჩრდილოვანი ფლოტის ორი დიდი ტანკერი, რომლებსაც ჯამში 14 000 ტონა ნავთობპროდუქტი გადაჰქონდათ.
“აზოვის ზღვაში ხელში ჩავიგდეთ ტაგანროგიდან ყირიმისკენ მიმავალი ბენზინით დატვირთული ორი ტანკერი, ხმელეთზე – ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“, იწვის ქერჩის ნავთობბაზა და რადიოლოკაციური სადგური „Небо-У“.
6 ივლისის ღამეს, უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ [დრონები] მტრის ზურგსა და ოპერატიულ სიღრმეში შედეგიანად დაამუშავეს 47 სამხედრო მიზანი. სამიზნეებს შორის, არის მთელი 6 პრემიუმ კლასის ნადავლი: ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერს აზოვის ზღვით ყირიმში გადაჰქონდა საწვავი ტაგანროგის რაიონიდან – თითოეულს 7000 ტონა საწვავი.
ქერჩში ცეცხლი წავუკიდეთ ნავთობბაზას. უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის დროს, ბრიანსკის ოლქში და ყირიმში აღმოჩენილი და განადგურებულია შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ ორი გამშვები დანადგარი (რომლებსაც სახმელეთო მიზნებზე ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად იყენებენ), და ასევე რადიოლოკაციური სადგური „Небо-У“ ყირიმში… ჩვენ გავძლებთ. მოსკოვი დაეცემა. გავაძლიერებთ და აღვადგენთ ყირიმს” – წერს მადიარი.

