ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადამწყვეტ მომენტში მოლდოვა სკანდალშია გახვეული, – ამის შესახებ სტატიას „ევრაქტივი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, მოლდოვამ ევროკავშირთან წევრობის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა არსებულმა სკანდალმა შესაძლოა, სკეპტიკურად განწყობილ ევროპულ მთავრობებში მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
„ევრაქტივის“ სტატიის მიხედვით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ბრიუსელში პოპულარული და პატივსაცემი პოლიტიკოსია, თუმცა სტრატეგიულ სამთავრობო სააგენტოში არსებული სკანდალის გამო, რომელშიც მისი ნათესავი ანასტასია ტაბურჩენუ მონაწილეობს, ის და მისი პროევროპული მთავრობა ბოლო დროს ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
ვებგვერდ Rise.MD-ის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სანდუს ბიძაშვილი ანასტასია ტაბურჩენუ საჰაერო მოძრაობის კონტროლიორ კომპანია „მოლდაცაში“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამდებობაზე პირდაპირ დანიშნეს. ჟურნალისტების ინფორმაციით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი ანაზღაურება გაიზარდა და მოლდოვაში არსებულ საშუალო ხელფასს რვაჯერ აღემატება.
Rise.MD-ის ინფორმაციით, ანაზღაურების სახით, ტაბურჩენუ დაახლოებით 4 000 აშშ დოლარს იღებდა, 2026 წლიდან კი მისი ანაზღაურება დაახლოებით 6 800 აშშ დოლარს აჭარბებდა.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სანდუმ და მისმა მთავრობამ ნეპოტიზმის ბრალდებები უარყვეს. სანდუს თქმით, თანამდებობაზე მისი ბიძაშვილის დანიშვნის შესახებ არაფერი იცოდა და მის ხელფასს „დაუმსახურებელი“ უწოდა.
ამასთან, Rise.MD-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, „მოლდაცას“ დირექტორმა თავისი რეზიუმე გააყალბა.
როგორც „ევრაქტივი“ წერს, „კრიტიკოსები შეშფოთებულნი არიან, რომ ქვეყნის მმართველი მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS) მონაწილეობით სკანდალები დააზიანებს სანდუს და გადაწევს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების 2030 წლის ვადას, რომელიც მოიცავს ანტიკორუფციულ რეფორმებს“.

