აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ვერცერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლო – საჭიროა რაკეტები Patriot-ის სისტემისთვის” – იური იგნატი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამით რუსული ძალების მიერ გაშვებული 29 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლო, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიუთითებს ბალისტიკური რაკეტების მოგერიებისთვის საჭირო Patriot-ის სისტემის რაკეტების დეფიციტზე.

„მაჩვენებელი, რბილად რომ ვთქვათ, დაბალია. ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად რაღაც არის საჭირო. სისტემები – საკმარისია, საჭიროა რაკეტების მუდმივი მიწოდება. რუსები სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ უკრაინა და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო PAC2 და PAC3 ტიპის გამანადგურებელი რაკეტების სერიოზულ დეფიციტს განიცდის, ამიტომ ისინი უფრო მეტად ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებზე არიან ორიენტირებულები“, – აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, უკრაინა ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას გამოიყენებს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

ცნობისთვის, 6 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატების და სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 419 სამიზნიდან 363 ჩამოაგდეს. დარტყმა დაფიქსირდა 34 ლოკაციაზე 29 ბალისტიკური რაკეტითა და 18 დრონით.

იტვირთბა....