ირანში დღეს, ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს – ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში, იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს. სწორედ იქიდან მიმდინარეობს ახლა პირდაპირი ტრანსლირება.
კადრებში ჩანს, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე ცოტა ხნის წინ მივიდა სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად.
ადგილზე წუთი-წუთზე ელოდებიან მიხეილ ყაველაშვილსაც.
კადრებში ჩანას ამჟამინდელი ლიდერები, მასუდ ფეზეშქიანი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ასევე უზენაესი მოსამართლე – სწორედ ეს ადამიანები იბარებენ სამძიმარს იქ მისული სტუმრებისგან.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, პირველად საჯაროდ, დღეს ჰამენეის კუბოსთან გამოჩნდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალი აჰმად ვაჰიდი, ის ჩანდა ირანული სახელმწიფო მედიის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ კადრებში.
ირანის ხელისუფლებამ ხამენეის გამოსათხოვარი სამგლოვიარო მსვლელობა და დაკრძალვის ცერემონია ერთკვირიან პროცესიად დაგეგმა. ოფიციალური პირების განცხადებით, ღონისძიებებში „მილიონობით ადამიანის“ მონაწილეობას მოელიან.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ. მას ხუთშაბათს, 9 ივლისს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

