აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მას თავისუფლება ჰქონდა მთავრობის მართვაში ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა, მაგრამ მეტ მონაწილეობას ველოდი იმაში, რომ ხალხისთვის მოესმინა” – მაია სანდუ მოლდოვის პრემიერის გადადგომაზე

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრუ მუნტეანუს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ მათ შორის უთანხმოება არ ყოფილა.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მომდევნო კვირაში საპარლამენტო ფრაქციებთან დაიწყებს კონსულტაციებს მთავრობის ფორმირების საკითხზე.

„ალექსანდრუ მუნტეანუს ჰქონდა მოქმედების თავისუფლება მთავრობის მართვაში ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა. მან გადადგომა გადაწყვიტა. რეფორმები რთული საქმეა. ბევრი რამ კარგად დაიწყო, დიდი სამუშაო ჩატარდა. ბატონი მუნტიანუ საოცარი ადამიანია და ჰქონდა საუკეთესო განზრახვები, მაგრამ მე უფრო მეტ ჩართულობას ველოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, უფრო მეტ მონაწილეობას იმაში, რომ ხალხისთვის მოესმინა“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

სანდუმ უარყო ვარაუდები, რომ პრემიერს საქმიანობაში უშლიდნენ ხელს.

„როგორც მუნტიანუ, ისე მე, ვმუშაობდით და ვმუშაობთ პატიოსნად და კეთილსინდისიერად. ამ კვირაში გვქონდა დისკუსიები რეფორმებზე, რომლებმაც საზოგადოებაში ფართო დებატები გამოიწვია, განსაკუთრებით საგადასახადო რეფორმამ, ასევე ხელფასების რეფორმამაც. ჩემი აზრით, ეს რეფორმები უფრო საფუძვლიანად უნდა ყოფილიყო გააზრებული და აეხსნა, რათა მოქალაქეების მხარდაჭერა მოგვეპოვებინა. იყო გულწრფელი საუბრები, რომლებსაც დაძაბულს არ ვუწოდებდი“, – განმარტა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტეანუ თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადადგომა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბოლო დღეებში მოლდოვაში კორუფციულ სკანდალებს. მათ შორის, ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს, MOLDATSA-ს ხელმძღვანელს, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ დანიშნა, ყალბი დიპლომი და პილოტის მოწმობა ჰქონდა. ასევე, 2 ივლისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ქრთამის შესაძლო აღების გამო დააკავეს.

იტვირთბა....