ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მქონდა სინდისის ქენჯნა, რადგან 2 წლის წინ საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი, რის გამოც შეიცვალა პარტიის თავმჯდომარე”- თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ორი წლის წინ პარტიის თავმჯდომარის ცვლილების ოფიციალურად დასახელებული მიზეზი რეალობას არ შეესაბამებოდა და საზოგადოებას ამის გამო ბოდიში მოუხადა.

ბოკუჩავას, თქმით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის რეალური მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა.

მისი განმარტებით, ხაბეიშვილის ჩანაცვლება იმ პერიოდში მიმდინარე ოპოზიციური გაერთიანების მცდელობას უკავშირდებოდა.

„სხვათა შორის, მქონდა სინდისის ქენჯნა იმიტომ, რომ 2 წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი, რის გამოც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიცვალა თავმჯდომარე. მე მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს დასახელებული მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, რომ ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანი არამხოლოდ ცემს, არამედ აწამეს.

არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მეტიც თავად ლევანმა ისაუბრეს საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს – რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის, თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება.

თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმის, გამო, რომ, მაშინ ვერ ვიყავით გულწრფელი. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ “ფორმულას“ ეთერში.

ასევე, კითხვაზე, აპირებს თუ არა კენჭისყრას პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე, თინა ბოკუჩავამ უპასუხა: “ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მაქვს მიღებული”.

იტვირთბა....