აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის ანგარიში წარადგინეს.

საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ანგარიში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) გლობალური ოპერაციების განყოფილების დირექტორმა, მაარიტ კოჰონენ შერიფმა წარადგინა.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკური მოვლენების განვითარებას, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 2025 წელს ისეთი კანონმდებლობის მიღება გაგრძელდა, რომელიც სამოქალაქო სივრცეს ზღუდავს და მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირს უთხრის. ოფისი კვლავ შეშფოთებულია საპროტესტო აქციების კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობების გამო, რაც მოიცავს თვითნებურ დაკავებებს, არასათანადო მოპყრობას და დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას“, – განაცხადა მაარიტ კოჰონენ შერიფმა.

მისი თქმით, OHCHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულის ჩადენის შესახებ ყველა ბრალდება გამოიძიოს.

„ოფისი აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას, მათ შორის მიმდინარე წლის მაისში ხუთი მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველის დაკავებას 2024 წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით. OHCHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა მსგავს ბრალდებასთან დაკავშირებით სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს“, – აღნიშნა მაარიტ კოჰონენ შერიფმა.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ვოლკერ თურქის ანგარიში საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს, რომლებიც ეხება მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას და ადამიანის უფლებების დარღვევის „სერიოზულ ბრალდებებს“, რომელსაც საქართველოს მთავრობამ „პასუხი უნდა გასცეს“.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი ითხოვს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობების გადახედვას.

OHCHR-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემო იმის უზრუნველყოფით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღების ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად შემოიფარგლოს აუცილებლობითა და პროპორციულობით.

„OHCHR-ი აღიარებს საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე თანამშრომლობას, მათ შორის თბილისში OHCHR-ის მასპინძლობას. OHCHR-ი ერთგული რჩება მხარი დაუჭიროს მთავრობასა და ეროვნულ აქტორებს ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარებაში, მათ შორის ისეთების, რომლებიც ანგარიშშია იდენტიფიცირებული.

OHCHR-ი რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს მთავრობამ:

წარადგინოს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად და წინ წასაწევად და პასუხი გასცეს ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ბრალდებებს, რომლებიც 2023 წლის 1 -ელი ივნისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის OHCHR-ის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ ისეთს, რომლებიც საჯარო პროტესტების კონტექსტში ხდებოდა, მათ შორის დემონსტრანტების უკანონო დაპატიმრებები და ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლებიც წინააღმდეგ ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენება;

ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და დეტალური გამოძიებები მსგავს ბრალდებებზე, უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და სრულიად სამართლიანი სასამართლო პროცესის, სამართლიანი პროცესის დამზღვევი მექანიზმებისა და სასამართლო გადახედვის შესაძლებლობის გარანტირება მოახდინოს;

გადახედოს შესწორებებს, რომლებიც 2025 წელს გაკეთდა „მაუწყებლობის კანონში“, სისხლის სამართლის კოდექსში, „გრანტების შესახებ კანონში“, „შეკრებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში“ და ადმინისტრაციული დანაშაულების კოდექსში, რათა უზრუნველყოს მათი სრული თანხვედრა საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონებთან, კერძოდ კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მე-19, მე-20 და 21-ე მუხლებთან, და უზრუნველყოს, რომ ყველა საკანონმდებლო პროცესი წარიმართება სრული გამჭვირვალობითა და საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაწილეობით;

გააძლიეროს ძალისხმევები გენდერული დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას საქართველოს პოლიტიკურ წარმომადგენლობაში, მათ შორის 2025 წელს მიღებული გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვით;

აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემო იმის უზრუნველყოფით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღების ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად შემოიფარგლოს აუცილებლობითა და პროპორციულობით და შეესაბამებოდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს.

საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა ორგანოებისა და მექანიზმებისთვის აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში” წვდომის მიმდინარე არარსებობა სამწუხაროდ რჩება. OHCHR-ი კვლავ გამოდის დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომის მოწოდებით ყველა შესაბამისი ორგანოსთვის, მათ შორის თავად OHCHR-ისთვის.

ასევე, OHCHR-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი OHCHR-ი „ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს: გააუქმონ გადაადგილების შეზღუდვები და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ყველა გამშვები პუნქტი გახსნან; რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს ეხება გალისა და ახალგორის რაიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირებს; ხელი შეუწყონ დიალოგს და უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავისუფლად მუშაობა შეძლონ“.

„მხარეებმა გამოიძიონ სიცოცხლის უფლების დარღვევის, წამების ან არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი, უზრუნველყონ დამნაშავეთა პასუხისმგებლობაში მიცემა და მსხვერპლთათვის სათანადო კომპენსაცია; აღმოფხვრან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში.

იტვირთბა....