რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
“30 ივნისს – 1 ივლისს ჟენევაში გაიმართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით, აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით.
დადასტურდა ერთგულება საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობის გაგრძელების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო სამოლაპარაკო ჩარჩოს თბილისის მუდმივი პირდაპირი დიალოგისთვის სოხუმთან და ცხინვალთან, მათ შორის ურთიერთობების პოსტკონფლიქტური აღდგენის მიზნით. რუსულმა მხარემ გამოთქვა დაჟინებული მოწოდება, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარ უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე. მისი დადება არა მხოლოდ ხელშესახებ იმპულსს მისცემდა მოლაპარაკებების პროცესს საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.
რუსეთისა და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსი მოკავშირეების მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატოს ბლოკსა და საქართველოს შორის ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერების ფონზე, რაც მოიცავს ამიერკავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე ამ აგრესიული ალიანსის სწავლებებისა და სხვა სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარებას.
რუსულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა „ადგილზე“ არსებული შედარებით მშვიდი ვითარება, რაც საერთაშორისო დისკუსიების არსებული სამოლაპარაკო არხების მდგრადი მუშაობის დამსახურებაა, მათ შორის რიტმულად ჩატარებული რაუნდების, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე „ცხელი ხაზების“ და ქართულ-ოსურ საზღვარზე, დასახლებულ პუნქტ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების. ხაზი გაესვა ანალოგიური მექანიზმის საქმიანობის განახლების აუცილებლობას ქართულ-აფხაზურ საზღვარზე, დასახლებულ პუნქტ გალში, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის დაწყებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან.
აქცენტი გაკეთდა ჰუმანიტარული დღის წესრიგის ცალკეულ თემებზე თბილისის მხრიდან მიმდინარე სპეკულაციების დაუშვებლობაზე, რაც სერიოზულად უშლის ხელს კონსტრუქციული დიალოგის დამყარებას საერთაშორისო დისკუსიების მუშაობის ამ მნიშვნელოვან სეგმენტში. მორიგი რაუნდის წინ, კვლავ მიღებულ იქნა საქართველოს მიერ ყოველწლიურად შემოგდებული, უკიდურესად პოლიტიზებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ. ეს გაკეთდა აღნიშნული თემატიკის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და არა სხვა პლატფორმებზე განხილვის შესახებ არსებული შეთანხმებების დარღვევით, რომლებზეც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს არ აქვთ წვდომა და, შესაბამისად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ქართულ მხარესთან ღია პოლემიკაში დაიცვან თავიანთი კანონიერი ინტერესები” – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

