თბილისის მერი დავით ნარმანიას პოლიტიკური მოღვაწეობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან იწყება. სწორედ ნარმანიას ეკუთვნის მმართველი პარტიის ეკონომიკური პროგრამა. თბილისის ამჟამინდელ მერს ეკონომიკური განათლება აქვს. ის ეკონომიკის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა. ნარმანია ზემოხსენებული უნივერსიტეტის სრული პროფესორია.
ნარმანიას პირველი პოლიტიკური თანამდებობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრობა იყო.
დედაქალაქის მერს საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.
2005 წელს იყო კომპანია “ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფში” გენერალურ დირექტორი. 2009 წელს დავით ნარმანია “კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
“მეტრონომი” ნარმანიას ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესდა. დეკლარაცია თბილისის მერს გასულ წელს აქვს შევსებული.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ნარმანია თბილისში ბერბუთის ქუჩაზე 97.00 კვ.მ ბინას ფლობს. ბინის გარდა მერის საკუთრებაშია სამეგრელოში, სოფელ კოკში მდებარე მიწის ნაკვეთია, რომლის ფართობი 5000.00 კვ.მ-ია.
ნარმანიას სახელზეა რეგისტრირებული Mercedes Benz, E 350.
მერის თანამდებობაზე წლიურმა შემოსავალმა 15 741 ლარი შეადგინა. საჯარო სამსახურის გარდა, დედაქალაქის მთავრობის მეთაური აკადემიური საქმიანობითაც არის დაკავებული. ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით ნარმანიამ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლებიდან 32 982 ლარი მიიღო.
თბილისის მერი ასევე არის შ.პ.ს “ნარმანია რისერჩ ენდ კონსალტინგის” პარტნიორი. დეკლარაციის მიხედვით აღნიშნული შ.პ.ს-დან ნარმანიას შემოსავალი არ აქვს.
საჯარო რეესტრის მიხედვით, “ნარმანია რისერჩ ენდ კონსალტინგის” საქმიანობის ძირითადი სფეროები საადვოკატო, სააუდიტორო და საფინანსო საქმიანობაა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ნარმანიას ,,თი–ბი–სი ბანკის” საკრედიტო დავალიანება აქვს.