მონაკოში, საფრანგეთის საზღვართან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებასთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა ტერორიზმის მოტივი გამორიცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია გამოძიებასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, გენერალური პროკურორის ოფისში აფეთქება „სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასეს, თუმცა მონაკოს სახელმწიფო მინისტრმა, კრისტოფ მირმანდმა უწყებას მოვლენების იურიდიულ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
ამასთან, ეჭვმიტანილის მიმალვის შემდეგ, მონაკოში ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაციაში მონაკოს პოლიციის ძალები, დაახლოებით 40 ფრანგი ჟანდარმი და ორი ვერტმფრენია ჩართული.
ეჭვმიტანილი რამდენიმე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუმცა მისი სახე ნაწილობრივ დაფარული იყო. ამას გარდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები აგროვებენ ჩვენებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც, სავარაუდოდ ეჭვმიტანილი ნახეს.
ცნობისთვის, მონაკოში, საფრანგეთის საზღვართან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაშავებულთა შორის უკრაინელი ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი არიან. აფეთქების შედეგად კიდევ ოთხმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, შემთხვევის ადგილზე უცნობმა პირმა ზურგჩანთა დატოვა და გაიქცა.

