მნიშვნელობა არ აქვს, აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, ამ ჯგუფების არსი არ იცვლება. აგენტურა არის აგენტურა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტრონული რეფორმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.
„პრობლემა არის არა იმაში, რომ ცუდი ტელეფონი აქვთ ან აპლიკაცია არ უვარგათ და სხვა ასეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, არამედ პრობლემაა ფილოსოფიაში. სხვას როდესაც ემსახურები და არა საკუთარ ხალხს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ეს არის მთავარი, რისი ლუსტრაციაც მოხდა ბოლო პერიოდში მათი მხრიდან და ეს არის, რაც დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ. კი ბატონო, შეიძლება ჰქონდეთ ბევრი აპლიკაცია, სხვადასხვა კორპორატიული დიზაინის გადაკეთებით იყვნენ დაკავებული, მაგრამ მათ არსში არაფერი შეიცვლება. მნიშვნელოვანია ლუსტრაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერტიკალური პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას იწყებს, რომლის ერთ-ერთ მიზნად დელიბერაციული დემოკრატიის გაძლიერებას ასახელებს.

