ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ საკის თბოელექტროსადგური უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა – მონიტორინგის ჯგუფ Крымский ветер-ის ინფორმაციით, თანამგზავრული ფოტომასალა აჩვენებს, რომ სადგურის მთავარი კორპუსი მთლიანად დაიწვა, ერთი საწვავის რეზერვუარი განადგურებულია, მეორე კი დაზიანებული. ამავე ცნობებით, კვამლი არ ამოდის, შესაბამისად ქარხანა არ მუშაობს.
თავდასხმა საკის თბოელექტროსადგურზე 28 ივნისის ღამეს განხორციელდა. ერთი საათის განმავლობაში 16 აფეთქება დაფიქსირდა, რასაც ძლიერი ხანძარიც მოჰყვა.
საკის თბოელექტროცენტრალის ელექტრო სიმძლავრე 149,4 მგვტ-ია და ქალაქის თბური ენერგიის ძირითადი მწარმოებელია. ქალაქ საკში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დაწესდა.

