ცხადია, რომ ეს [პარლამენტში დაპირისპირება] პირველ რიგში, ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, გული დაწყდებოდა მომხდარზე , – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ცოტნე ივანიშვილი პასუხისმგებლობას ოპოზიციური პარტიის, კერძოდ, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს აკისრებს.
მისი შეფასებით, დაპირისპირება სწორედ მათი მხრიდან დაწყებული ვერბალური და ფიზიკური პროვოკაციის შედეგი იყო.
“„მეც რა თქმა უნდა, გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ ვერბალური თუ ფიზიკური ძალადობის დაწყება? პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან. ხელი როგორ მოხვდა, რა სიძლიერით ამის გაზომვა, როგორ უნდა დავიწყოთ? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან.
კადრები თუ ნახეთ, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული.
თუ გადახედავთ ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც საკმაოდ ხშირია მსგავსი სტილის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე ძალიან უშნოა. ამას არ მოჰყვება გამოძიება. არ ვამბობ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ვთქვი, რომ ძალიან სამწუხაროა. იმ ქვეყნებში ამას არ მოჰყვება გამოძიება. საქართველოსთან დაკავშირებით არ მითქვამს“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „სასაცილოდ“ მიაჩნია, რადგან, მისი შეფასებით, მსგავსი დაპირისპირებები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში საკმაოდ ხშირია.
„გამოძიებაზე ყურადღების გამახვილება ცოტა სასაცილოა. იმ ფონზე, რომ სამწუხაროდ ასეთი რამ ძალიან ხშირია“,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

