აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზღვარსგადასულ ქცევას პარლამენტში მათი შემოსვლიდან ვაკვირდებოდით – მოგიჟიანებული ლექსიკა, შეგნებულად შეურაცხმყოფელი ტექსტით გაჯერებული” – დავით მათიკაშვილი გახარიას პარტიაზე 

ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა ყველამ, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს – ძალიან მნიშვნელოვანია ის, ამ მოცემულობაში ვინ გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატები არამხოლოდ 26 ივნისს, არამედ პარლამენტში შემოსვლის დღიდან ჰქონდათ „მოგიჟიანებული, აბსოლუტურად გაუგებარი, შეგნებულად შეურაცხმყოფელი ტექსტით გაჯერებული ლექსიკა“.

„ცხადია, საზოგადოებას ყველამ მოვუხადეთ ბოდიში. იმ ზღვარსგადასულ ქცევას არა მხოლოდ იმ დღეს [26 ივნისს], არამედ ამ ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის თუ ფრაქციის, პარლამენტში შემოსვლის დღიდან ვაკვირდებოდით – რაღაც მოგიჟიანებული ლექსიკა, აბსოლუტურად გაუგებარი, შეგნებულად შეურაცხმყოფელი ტექსტით გაჯერებული – არ დასჯერდნენ ამ ყველაფერს და უკადრებელი იკადრეს, როდესაც საკუთარ კოლეგაზე თავდასხმა, პირდაპირ ხელის მოქნევა და გარტყმა მოხდა. ეს კარგად დაინახა ყველამ. შემდეგ დედის შეგინებამ, ხელის გარტყმამ და ა.შ. გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა ყველამ, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, ამ მოცემულობაში ვინ გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა. სწორედ წითელი ხაზების გადამლახავი იყო ის, ვინც გარდა იმ ცინიკური ლექსიკისა, რომლითაც გამოირჩევიან ეს ადამიანები პარლამენტში, პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა, რასაც ცხადია, სამწუხაროდ მოჰყვა ის შედეგი, რაც მოჰყვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

იტვირთბა....