აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს, გვიკარნახოს, რომელ გმირებს უნდა მივაგოთ პატივი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დღეს, 28 ივნისს, მან ვერხოვნა რადაში უკრაინის ეროვნული პანთეონის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიზანიც გამოჩენილი უკრაინელების ხსოვნისადმი პატივის მიგებაა.

“დღეს მე პარლამენტში უკრაინის ეროვნული პანთეონის შესახებ კანონპროექტი წარვადგინე. ყველა გმირის სახელი, რომლებმაც უკრაინა შთააგონეს და მისთვის საუკუნეებისა და ეპოქების განმავლობაში იბრძოდნენ, გაერთიანდება და ჩვენს ისტორიაში დიდი ასო “H-ით” ჩაიწერება, უდიდესი პატივისცემითა და ყურადღებით უკრაინის სახელმწიფოსგან, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, აფასებს თავისიანებს და იცავს თავის უფლებას, ვიყოთ უკრაინელები. როცა ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს, გვიკარნახოს, თუ როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვილაპარაკოთ, ვინ გვიყვარდეს, ვისადმი უნდა ვიყოთ მადლიერები და რომელ გმირებს უნდა მივაგოთ პატივი.” – აღნიშნა მან.

ანალოგიური შინაარსის შემცველი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმაც გააკეთა:

“ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს, გვიკარნახოს, თუ რომელ უკრაინელ გმირებს მივაგოთ პატივი, რომელი დღესასწაულები აღვნიშნოთ, ან რომელი ისტორია ვისწავლოთ. ჩვენი წინაპრები წლების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფალი არჩევანის ამ უფლებისთვის და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის , და ამავე მიზეზითაა, რომ დღეს ჩვენი სამხედროები სისხლს ღვრიან. მათი ხსოვნა მარადიული უნდა იყოს.” – თქვა ბუდანოვმა.

ზელენსკის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ტექსტი განსაზღვრავს ეროვნული პანთეონის სტატუსს, რომელიც პატივს მიაგებს “უკრაინული ერის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლებს, რომლებმაც არაჩვეულებრივი და ისტორიულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს” უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვებასა და აღდგენაში, მის განვითარებაში, უკრაინული ერის ჩამოყალიბებაში და შეიარაღებული ძალების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, ენის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიის განვითარებაში.

ტექსტშივე ხაზგასმულია, რომ პანთეონის მემორიალური კომპლექსი, რომელიც კიევში აშენდება, საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი. კანონპროექტის მიხედვით, პანთეონს ეყოლება 24-საათიანი საპატიო ყარაულიც.

იტვირთბა....