ნატო-ს ტერიტორიაზე უკრაინული დრონების შემთხვევითი ჩამოვარდნა ღირს იმად, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო ბაზები განადგურდეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტებით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ უკრაინას არ ვეუბნებით, რომ ეს შეწყვიტოს. ეს ვლადიმერ პუტინის სასიცოცხლო წყაროს ურტყამს“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის ბრალდებებზე, თითქოს ბალტიის ქვეყნები უშუალოდ მონაწილეობენ დარტყმებში და უკრაინას თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ. მან ბრალდებებს აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს კრემლის სასოწარკვეთილების შედეგია.
„ვხედავთ, რომ ბოლო ორნახევარი თვის განმავლობაში პუტინის გარშემო განწყობა შეიცვალა. ის უკვე აღარ არის ასე ოპტიმისტურად განწყობილი. მთავარი მიზეზი ეკონომიკურია – სწორედ ამ ღრმა დარტყმების გამო“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ამასთან, ცაჰკნამ აღფრთოვანება გამოხატა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის გამო. მისივე თქმით, კრემლი ამ დარტყმებით „ღრმად შეშფოთებულია“, განსაკუთრებით კი ბალტიის ზღვის გავლით მიმდინარე ექსპორტის გამო, რადგან მას რუსეთის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 60% ფინეთის ყურის გავლით გადაიზიდება.
გარდა ამისა, ცაჰკნას თქმით, ნაადრევია ფიქრი, რომ პუტინი უკვე მზადაა მოლაპარაკებებისთვის. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, საკუთარ სტრატეგიულ შეცდომებს კიდევ უფრო გააღრმავებს. ცაჰკნამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ბოლოდროინდელი მცდელობები რუსეთთან დიალოგის დაწყებისკენ არასწორი მიმართულებაა.
„პუტინი უკვე ერთი თვეა, ცდილობს ევროპა მოლაპარაკებებში ჩართოს. მისი მიზანია დროის მოგება, ევროპის გამოყენება დროის მოსაგებად და ჩვენი გაყოფა“, – აღნიშნა ცაჰკნამ.
მისი თქმით, კრემლი იმედოვნებდა, რომ ევროპული ქვეყნები მოლაპარაკებებში უკრაინის მხარდამჭერების სტატუსის ნაცვლად „შუამავლების“ როლში ჩაითრევდა.
„სავარაუდოდ, ევროკავშირში არაერთი ქვეყანა ასეთ ვითარებაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზეწოლას შეეწინააღმდეგება, რადგან იტყვიან: „მოლაპარაკებები თუ მიმდინარეობს და ჩვენ შუამავლები ვართ, ნეიტრალური უნდა ვიყოთ“. შემდეგ იტყვიან: „მშვიდობა მალე დადგება, შეთანხმება ახლოსაა“, – აღნიშნა ცაჰკნამ.
მისივე თქმით, „ეს მხოლოდ საბაბია და ეს ძალიან საშიში გზაა“. ევროკავშირში მიმდინარე მსჯელობა კი იმის შესახებ, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში, ასევე უსარგებლოა.
„ევროპა ვიდრე გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი, ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რა გზავნილს ვაგზავნით და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, ვინ იქნება ამ გზავნილის გამტანი“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

