აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გაუქმება სურს – „პოლიტიკო“

„რატომ იბრძვის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საკუთარი მომავლისთვის?“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“.

„ევროკავშირის ლიდერებმა 2011 წელს ბლოკის დიპლომატიური სამსახური როდესაც შექმნეს, მათი მიზანი იყო, ევროპას მსოფლიო ასპარეზზე უფრო ძლიერი და ერთიანი ხმა ჰქონოდა. თუმცა, ევროკავშირისთვის დამახასიათებელი კომპრომისის გამო, ლიდერებს არ სურდათ, ეს ხმა ზედმეტად ძლიერი ყოფილიყო. ამიტომ, ახალ მთავარ დიპლომატს — საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს — ორი ხელმძღვანელი დაუნიშნეს: თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და ევროკომისია. თხუთმეტი წლის შემდეგ ეს კომპრომისი იშლება“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, 2011 წელს კომპრომისის საფუძველზე შექმნილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, დღეს ბიუჯეტის შემცირების, კვალიფიციური კადრების დაკარგვისა და დიპლომატიური საქმიანობისთვის აუცილებელი პოლიტიკური ინსტრუმენტების დეფიციტის ფონზე, თანდათან კარგავს პოზიციებს ევროკომისიასთან მრავალწლოვან ინსტიტუციურ დაპირისპირებაში.

„პოლიტიკოს“ ცნობით, სამი თვის განმავლობაში ათზე მეტი ინტერვიუს დროს, მოქმედმა და ყოფილმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური კრიზისშია.

„მას არ აქვს მკაფიო მისია და ვერ უწევს კონკურენციას ევროკომისიას, რომელსაც გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი და პოლიტიკური ბერკეტები აქვს. კაია კალასი ცდილობს ვითარების შეცვლას: მან უკვე წარადგინა ახალი ხელმძღვანელი გუნდი და ზაფხულის შემდეგ შიდა რეფორმების განხორციელებას გეგმავს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებს დღემდე საჯაროდ არ წარმოუდგენიათ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გაძლიერდეს ეს სამსახური“,  – წერს პოლიტიკო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში კრიზისი იმ დროს ვითარდება, როდესაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებმა, ასევე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დაძაბულობამ ევროკავშირი აიძულა, ახალ და გაცილებით მკაცრ საერთაშორისო რეალობას მოერგოს“.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ან საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შედარებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური კვლავ ბევრად სუსტ ინსტიტუტად რჩება და არსებობის მე-16 წელსაც კი, ჯერ კიდევ ვერ ჩამოაყალიბა საკუთარი როლი. კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამსახურმა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 20 პაკეტის მისაღებად გააერთიანა და სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყო ხელი, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ ვერ შეასრულა მთავარი მისია – ევროპული ინტერესების ეფექტიანი დაცვა მსოფლიოში. განსაკუთრებით იმ მცირე სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც საკუთარი ფართო დიპლომატიური ქსელი არ აქვთ“, – წერს „პოლიტიკო“.

გამოცემის ცნობით, ამ ფონზე კალასმა განაცხადა, რომ ზაფხულის შემდეგ უწყების გასაძლიერებლად შიდა რეფორმებს დაიწყებს, თუმცა ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი.

„როგორც ევროკავშირის საბჭოში, ისე ევროკომისიაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საერთოდ გაუქმება სურს“, – აცხადებს ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ საუბარში.

როგორც „პოლიტიკოს“ წყარომ განუცხადა, „სხვები მის დაცვას ცდილობენ, მაგრამ მათი გავლენა გაცილებით სუსტია“.

ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ კალასი ასევე მუდმივად ხვდება ბრიუსელში მომუშავე დიპლომატების კრიტიკის ობიექტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მათთან ურთიერთობაში ზედმეტად მკაცრი იყო.

„პრობლემები თავიდანვე არსებობდა, უბრალოდ ახლა მათი იგნორირება უკვე შეუძლებელია“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.

სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები სულ უფრო ხშირად ანდობენ საგარეო მიმართულებების მართვას ევროკომისიას, რადგან მას ხელთ აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ძლიერი პოლიტიკური ბერკეტები ვაჭრობის, ტექნოლოგიების, მიგრაციის, ინდუსტრიული პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში.

„ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი ფუნქცია ძირითადად ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციაა. ეს კი გაცილებით ნაკლები ძალაუფლებაა, ვიდრე სრულფასოვან საგარეო საქმეთა უწყებას აქვს“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.

იტვირთბა....