დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ძალაუფლების ცენტრებს შორის: მრავალვექტორული დიპლომატიის გაკვეთილები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა გამოსვლაში ისაუბრა გლობალურ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებზე, მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებში.
„ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე განმარტებით, მსოფლიო წესრიგის გარდაქმნის ფონზე იზრდება იმ ქვეყნების მნიშვნელობა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკურ სივრცეებს შორის დამაკავშირებელ როლს ასრულებენ.
„საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაკა ბოჭორიშვილმა დაუთმო „შუა დერეფნის” მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას.
„შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
„ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეტს საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქვეყანა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბდა რეგიონში, რასაც თან ახლავს ინფრასტრუქტურული განვითარება, ინვესტიციების ზრდა და სავაჭრო პარტნიორობების გაფართოება.
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მრავალვექტორული დიპლომატია საქართველოსთვის არ გულისხმობს არჩევანს პარტნიორებს შორის, არამედ თანამშრომლობის გაფართოებას: „მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე სტრატეგიული არჩევანი.
„საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და არც ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

