უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი იმედგაცრუებულია, რომ შეერთებული შტატები უკან იხევს ე.წ. ანკორიჯის სულისკვეთების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებებისგან.
სიბიგამ აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბრის ნაცვლად, რუსეთმა რეალურ მოლაპარაკებებზე უნდა გადაიტანოს ყურადღება და ომის დასრულების გზებზე იმუშაოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხოლოდ რუსეთმა იცის, რას გულისხმობს რეალურად ე.წ. ანკორიჯის სულისკვეთება, რომელიც უკავშირდება ალასკაზე რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის დროს განხილულ შეთანხმებებს.
„რეალობა ნათლად აჩვენებს ერთ რამეს: „ანკორიჯის სულისკვეთება“ თუ ოდესმე არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია. რუსეთისთვის ანკორიჯისგან მისაღები გაკვეთილია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავდება, განწირულია იმისთვის, რომ უბრალოდ გაქრეს“ – განაცხადა სიბიგამ.
მისივე თქმით, დროა, მოსკოვმა უპასუხოს უკრაინის სერიოზულ წინადადებებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისა და ომის დასრულების შესახებ.
„პუტინი რაც უფრო დიდხანს იტყვის უარს რეალობის აღიარებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ ის ბრძოლის ველზე ვერასოდეს მიაღწევს საკუთარ მიზნებს, მით უფრო გაუარესდება ვითარება რუსეთისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

