აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„პოლიტიკო“ – მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია იმ სართულებს, სადაც ევროკომისრების ოფისებია

მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში იძულებული გახდნენ კონდიცირების სისტემა გაეთიშათ. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გაგრილების სისტემის გათიშვის შესახებ თანამშრომლებს ტექსტური შეტყობინება გაეგზავნათ.

„ექსტრემალური პირობების გამო, ჰაერის გაგრილების სისტემა იძულებით გაითიშა პირველიდან მე-7 სართულის ჩათვლით დღის ბოლომდე“, – ნათქვამია იყო თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ბერლემონის შენობაში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისრების ოფისები ზედა სართულებზეა განლაგებული და მათ კონდიცირების გამორთვა არ შეხებიათ. როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილებამ ქვედა სართულებზე მომუშავე თანამშრომლებში უკმაყოფილება გამოიწვია.

„შუა საუკუნეების ფეოდალიზმია“, – განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა „პოლიტიკოს“.

ბელგიასა და ევროპის დიდი ნაწილში უკვე ერთი კვირაა მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ბელგიაში მატარებლების მეხუთედი გაგრილების გარეშეა, რის გამოც სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში რეისების ნაწილი გააუქმა.

მიმდინარე კვირაში ელექტროენერგია გაითიშა ევროპარლამენტშიც, გაგრილების სისტემის გადატვირთვის გამო.

იტვირთბა....