“ელენეს არავინ არ მოაკვლევინებს ბიძინა ივანიშვილს და მის პენიტენციურ დაწესებულებებს” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაკავებული პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა “კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ეს წარმოდგენილი გვქონდა”.
ნიკა გვარამიას განმარტებით, ელენე ხოშტარია სტერილურ გარემოში მკურნალობას საჭიროებს, ხოლო “ციხის ვითარებაში ამ მკურნალობის ჩატარება სიკვდილის ტოლფასია”.
გუშინდელი ვიზიტის შემდეგაც გაირკვა, რომ ელენეს მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ეს წარმოდგენილი გვქონდა ჩვენ ძველი დიაგნოზებით. ორშაბათს უკვე დასკვნა იქნება და წარედგინება პენიტენციურ სამსახურს. მე იმედს ვიტოვებ ჯერ კიდევ, რომ ადეკვატური იქნება პენიტენციური სამსახური და სამედიცინო სამსახურები იმიტომ, რომ ელენეს დაავადება [რაკი ამაზე უნდა ვისაუბრო პერსონალურ ინფორმაციასაც გავაჟღერებ მისივე თანხმობით], ელენე საჭიროებს იმგვარ მკურნალობას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას, პრაქტიკულად ნულზე სვამს მას და ეს მკურნალობა უნდა ჩატარდეს პრაქტიკულად სტერილურ გარემოში. ციხის ვითარებაში ამ მკურნალობის ჩატარება სიკვდილის ტოლფასია და ნორმალურ ვითარებაში ძალიან წარმატებულიც არის, მაგრამ ამას სჭირდება ზედამხედველობა.
მე არ მესმის პენიტენციურ დაწესებულებას ეს რანაირად შეიძლება არ აღელვებდეს იმიტომ, რომ პრაქტიკულად უნდა იჯდნენ ბომბზე, რეალურად ციხეში ინფექციის შეტანა ორგანიზმში ძალიან მარტივია. […]
ჩვენ ვართ ორიენტირებული ელენეს სიცოცხლეზე. ის, რომ ელენეს თავისუფლება წაართვეს, ეს ძაან პირობითი რამეა, ეს მისი არჩევანია იმიტომ კი არა, რომ ციხეში ყოფნა უნდოდა, იმიტომ, რომ მისი არჩევანია არ დანებდეს, არ შეეშინდეს და უკან არ დაიხიოს, მაგრამ ის რომ ცოცხალი უნდა დარჩეს, ეს მის გარდა ჩვენი არჩევანია. ვიცით, რომ თუ ის ხმას იღებს, რომ ცუდად არის, ე.ი. ძალიან ძალიან ცუდად არის… ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, გადავარჩინოთ ადამიანი, რომელიც გვიყვარს, ჩვენი თანამებრძოლია და ბევრი ადამიანისთვის არის იმედი. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ ელენეს გადასარჩენად ერთიანად მივიღოთ ის ზომები, რომელსაც გამოვაცხადებთ, იმ შემთხვევაშ, თუ არანაირ ქმედებებს არ მიმართავს პენიტენციური.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩუმად ყოფნას, დათმობას, ეს არ არის პოლიტპატიმრობის საკითხი, ეს არის ადამიანის ყოფნა არყოფნის საკითხი. ელენეს არავინ არ მოაკვლევინებს ბიძინა ივანიშვილს და მის პენიტენციურ დაწესებულებებს,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

