ევროკომისია მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი ქვეყნები ოფიციალურად გაწევრიანებამდე მიიღებენ გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაატარებენ აუცილებელ რეფორმებს და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას განაგრძობენ. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს ინიციატივა წარმოადგენს ევროკომისიის უფრო ფართო კონცეფციის, „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ ნაწილს. როგორც გამოცემასთან საუბარში, ანონიმური წყაროები ამბობენ, კანდიდატი ქვეყნები შეძლებენ, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელებას თან ახლდეს კონკრეტული სარგებელი, სტიმული და არა მხოლოდ მომავალი წევრობის დაპირება.
„ეტაპობრივი ინტეგრაცია“ გულისხმობს ევროკავშირის გარკვეულ ფინანსურ პროგრამებზე წვდომას; შეღავათიან სავაჭრო პირობებს; ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილობრივ გახსნას კანდიდატი ქვეყნებისთვის. თუმცა, სარგებელი თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებული იქნება და დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ექნება პროგრესი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებასა და რეფორმების განხორციელებაში. ინიციატივის მიზანია, კანდიდატ ქვეყნებს ჰქონდეთ რეალური სტიმული, გაატარონ ხშირად რთული და პოლიტიკურად არაპოპულარული რეფორმები, მაშინაც კი, თუ სრულუფლებიან წევრობამდე ჯერ კიდევ მრავალი წელი აშორებთ. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი მიდგომა, განსხვავდება ძველი ინიციატივისგან, რომელსაც კანდიდატი ქვეყნებისთვის გარკვეული პოლიტიკური უფლებები უნდა მიენიჭებინა. მაგალითად, ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება. თუმცა, ეს წინადადება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ მიიღეს. ამის ნაცვლად, ახალი მოდელი კანდიდატ ქვეყნებს მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს და ამ ახალ ინიციატივას, „პოლიტიკოს“ ცნობით, სულ უფრო მეტი პოლიტიკური მხარდამჭერი ეყოლება.
სტატიის მიხედვით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე თანხმდებიან, რომ გაფართოების პროცესი უფრო სწრაფი უნდა გახდეს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ. თუმცა, ისინი კვლავ არ არიან მზად, ევროკავშირში მიიღონ ქვეყნები, რომლებიც ჯერ სრულად არ აკმაყოფილებენ წევრობის პირობებს. ამიტომ ევროკომისია ცდილობს, ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას: პროცესის დაჩქარებას და მკაცრი სტანდარტების შენარჩუნებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი და გერმანია ადრე უკვე უჭერდნენ მხარს მსგავს membership-lite მოდელს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივია. ევროკომისიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ახალი ფორმატი წევრი სახელმწიფოებისთვის უფრო მისაღები იქნება, ვიდრე წარსულში შეთავაზებული მოდელები.
ევროპარლამენტის გაფართოების სტრატეგიის ავტორი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი მიიჩნევს, რომ უნდა მოქმედებდეს პრინციპი „მეტი მეტისთვის“, ანუ ის კანდიდატები, რომლებიც მეტ პროგრესს აჩვენებენ, მეტ მხარდაჭერასაც უნდა იღებდნენ. როგორც „პოლიტიკო“ წერს, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმ ლიდერებს შორისაა, რომლებიც ალტერნატიულ მიდგომებს ემხრობიან. სტატიის მიხედვით, მას ამ თემის წამოწევა გასულ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზეც სურდა, თუმცა დღის წესრიგის გადატვირთულობის გამო საკითხის განხილვისთვის დრო აღარ დარჩა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერები ახალ ინიციატივას ოქტომბრის ან დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე დაუბრუნდებიან და შესაძლოა, უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობის დაწყებასაც დაუჭირონ მხარი.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ახალი მიდგომა განსაკუთრებით გათვლილია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა, უკრაინის გაწევრიანებას სავარაუდოდ მრავალი წელი დასჭირდება.
მოლდოვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კი, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ერთდროულად იმუშავებს როგორც მოლდოვის გაწევრიანების პროცესზე, ასევე ევროკავშირთან მისი ეტაპობრივი ინტეგრაციის გაღრმავებაზე. აქვე ხაზგასმულია, რომ მოლდოვას უკვე შესთავაზეს SEP სისტემაში ჩართვა, ევროკავშირის როუმინგ სისტემა და კულტურული პროგრამებში მონაწილეობა. სტატიაში საუბარია, რომ ამჟამად ევროკავშირს წევრობის ცხრა კანდიდატი ქვეყანა ჰყავს. მონტენეგრო კი, გაწევრიანების მთავარი პრეტენდენტია, იმ დროს როდესაც, უკრაინამ და მოლდოვამ, უკვე დაიწყეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. რაც შეეხება სერბეთს, თურქეთსა და საქართველოს, აქ შეფერხებაა.
პარალელურად, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ადასტურებს, რომ ევროკომისია ამზადებს ახალ დამცავ მექანიზმებს, რომლებიც მკაცრად იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წევრი ქვეყნები გაწევრიანების შემდეგ დემოკრატიის ან კანონის უზენაესობის მიმართულებით უკუსვლას დაიწყებენ. ამ ინიციატივის მიზანია წევრი სახელმწიფოების დარწმუნება, რომ გაფართოების დაჩქარება შესაძლებელია ისე, რომ ევროკავშირის სტანდარტები და მოთხოვნები არ შესუსტდეს.

