ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ანკარაში ივლისში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე მილიარდობით დოლარის ღირებულების ახალი თავდაცვის კონტრაქტები გამოცხადდება.
ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას რუტემ ასევე განაცხადა, რომ სამიტზე ნატო უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს. მისივე თქმით, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნატო ასე გაძლიერდებოდა.
რუტეს თქმით, დონალდ ტრამპის გარეშე ალიანსი ასეთ გასაოცარ ნახტომს ვერ გადადგამდა.
„ჩვენ გამოვაცხადებთ ათობით მილიარდი დოლარის ახალ კონტრაქტს და როდესაც ჩვენი ინდუსტრიები არლინგტონიდან ანკარამდე გააერთიანებენ თავიანთ ძლიერ მხარეებს და გაზრდიან მიწოდებას, შედეგი გაუმჯობესებული უსაფრთხოება იქნება. ჩვენ ვართ თავდაცვის ინდუსტრიული რევოლუციის ადრეულ ეტაპზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას და მხარს დაუჭერს ასობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ვინ წარმოიდგენდა ათი წლის წინ, რომ ამას მივაღწევდით? ჩვენ ამაზე საუბარიც კი არ შეგვეძლო. ჩვენ, მოკავშირეები, გაერთიანებული ვართ ჩვენს უსაფრთხოებაში ინვესტირების აუცილებლობის გარშემო, პასუხისმგებლობის მტკიცედ გაზიარების ერთგულნი – ძლიერები და უფრო ძლიერები. ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეები ამ აზროვნების ცვლილების მთავარი ფაქტორია. თუმცა, მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის გარეშე ასეთ გასაოცარ ნახტომს ვერ გადავდგამდით“,- განაცხადა რუტემ.
ცნობისთვის, ანკარაში ალიანსის სამიტი 7-8 ივლისს გაიმართება. ცნობილია, რომ სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. როგორც „როიტერი“ წერს, ალიანსი ანკარის სამიტისთვის უპრეცედენტო დაძაბულობის პირობებში ემზადება, რადგან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას აშფოთებს, რომ ვაშინგტონი შესაძლოა, საერთოდ გავიდეს ალიანსიდან, რაც ნატო-ს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

