აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯერემი ლევინის განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს იგებს.
როგორც ჯერემი ლევინმა გდანსკში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში გარდამტეხ ნიშნულს მიაღწია და ომის დინამიკა შეიცვალა, რაც პარტნიორებთან კიევის თანამშრომლობის შედეგია.
მისივე თქმით, უკრაინა ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობს და ამ მომენტში, უკრაინა ომს იგებს.
როგორც ჯერემი ლევინმა თქვა, კიევმა დიდი ძალისხმევა გაიღო გარდამტეხ ნიშნულამდე მისაღწევად, ფრონტზე ვითარება ახლა კარდინალურად განსხვავდება ომის დაწყებისას არსებული ძალთა ბალანსისგან.
როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, ადრე უკრაინელები ზამთრის დადგომას ელოდებოდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ამოესუნთქათ, რადგან ამ პერიოდში რუსეთი ამცირებდა თავდასხმებს, ახლა კი ვითარება სრულად შეცვლილია, უკრაინული ძალები შეტევაზე გადადიან, ზამთრის დადგომას კი რუსეთი ელოდება, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განახორციელოს.
„თუმცა, ამ კუთხითაც უკრაინამ უკვე შეცვალა დინამიკა. ამ ზამთარს უკრაინა თავად ესხმოდა თავს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასრტუქტურას“, – აღნიშნავს ლევინი.
მისი თქმით, ახლა კიევია ლიდერის პოზიციაზე მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირებაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის აზრით, უკრაინული ძალების წარმატება პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგია.
ლევინი ყურადღებას ამახვილებს საფრანგეთის ქალაქ ევიანში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც, სადაც ფართო კონსესუსი იქნა მიღწეული აშშ-ს, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინას შორის, რაც ადასტურებს უკრაინის ადაპტირებისა და ომში გამარჯვების უნარს.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე არ გამორიცხა, რომ აშშ-მა გადახედოს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სასანქციო პოლიტიკას. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალშიც იმოქმედებს ევროპელებთან კოორდინირებულად სანქციებთან დაკავშირებით, ვაშინგტონი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას.

