ისრაელმა სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიის ნაწილი დატოვა, რომელიც დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ომის დროს ჰქონდა დაკავებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ახლა პროცესში ლიბანის შეიარაღებული ძალები უნდა ჩაერთონ.
ისრაელის მხრიდან ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ლიბანის მაღალი რანგის უსაფრთხოების წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროების „უსაფრთხოების ზონიდან“ გაყვანის შესახებ ინფორმაცია მათთვის უცნობია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუ რა მასშტაბის ტერიტორია დატოვა ისრაელმა და სად განხორციელდა სამხედროების უკან დახევა. მისი თქმით, ისრაელი და ლიბანი ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიზანიც ისრაელსა და ირანის მხარდაჭერით მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების შეჩერებაა.
„ისრაელმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯი და თავისი ბუფერული ზონის ნაწილის დატოვებით ლიბანის ლეგიტიმური მთავრობის მიმართ კეთილი ნების მნიშვნელოვანი დემონსტრირება მოახდინა“, – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, „ლიბანის შეიარაღებული ძალები ახლა უნდა შევიდნენ და გაასუფთაონ ტერიტორია ტერორისტული იარაღისა და ინფრასტრუქტურისგან“.

