სომხური პროდუქციის ახალ საექსპორტო მიმართულებებს შორის განიხილება ევროკავშირის ბაზარი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, მათ შორის ერაყი, ასევე სომხეთის უახლოესი მეზობლები, მათ შორის თურქეთი, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, განსაკუთრებით ხილის, ბოსტნეულის, კენკრისა და ყვავილების ახალი ბაზრების ძიებამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია რიგ მიმართულებებში.
„ზოგიერთ შემთხვევაში, საცდელი მიწოდება უკვე მიმდინარეობს და სხვებს უახლოეს კვირებში ვიხილავთ. არ დავმალავ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ სფეროში ლოჯისტიკური სირთულეებია, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვაგვარებთ, ვმართავთ სიტუაციას და ვცდილობთ დავეხმაროთ ბიზნესს“, – თქვა მირზოიანმა.
მან აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, სიტუაცია სერიოზულ კრიზისში არ გადაზრდილა, რასაც, მისი თქმით, ციფრებიც ადასტურებს.
მირზოიანის თქმით, ამჟამინდელმა ვითარებამ სომხური პროდუქციის დისტრიბუციის დივერსიფიკაციის ახალი შესაძლებლობები გახსნა.
„საერთო ჯამში, ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ და ვგეგმავთ, რეალიზდება – სომხური პროდუქციის გაყიდვების დივერსიფიკაცია. მე მჯერა, რომ ლოჯისტიკასთან და არ ცოდნასთან დაკავშირებული დაბრკოლებები სწრაფად გადაილახება და უკეთეს შედეგებს მივაღწევთ, ვიდრე აქამდე“, – თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

