ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანამოწილეობით შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” მმართველი კომპანიის “ჯი სი ეფ პარტნიორების” 50%-იანი წილის მფლობელი ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია. საჯარო რეესტრის მიხედვით შ.პ.ს “ჯი სი ეფ პარტნიორების” მეორე ნახევარს გიორგი ბაჩიაშვილი ფლობს.
“თანაინვესტირების ფონდი” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში. მისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ფონდის კაპიტალში 15%-ია, ანუ 900 მილიონი დოლარი.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ფონდში ინვესტიციების კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს “დაბი ჯგუფი”, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია „ყაზტრანსოილის“ წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.
შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა კომპანიამ შეიძინა – ამის შესახებ განცხადება თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.
თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ფართობი აუქციონზე 6 326 495 ლარად გაყიდა.