ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუციაა, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.
„დღეს ევროსაბჭოში იმართება ე.წ. მსჯელობები საქართველოზე. იცით, რომ ევროსაბჭოს მანდატი დავტოვეთ, რადგან იქ იყო ორმაგი სტანდარტი, გაუგებარი მოწოდებები, გარკვეული ლობისტების მიერ დაორგანიზებული შეხვედრები, ტექსტები, ჩვენი ქვეყნის გაშავება. ამიტომ დროებით პაუზა ავიღეთ. ამით, ეტყობა, მორიგ ჯერზე სარგებლობენ და იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. უსამართლობით არის გამსჭვალული და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუცია. ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის. მეტსაც გეტყვით, ზოგადად, ევროსაბჭოს ეს ინსტიტუცია დიდი ავტორიტეტის მქონე არ არის, მათ შორის, ამ ევროპულ ინსტიტუციებში. იქ, სადაც არის უარგუმენტობა, ორმაგი სტანდარტი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შელახვა, ბუნებრივია, არაფერი გვესაქმება და არც გვაინტერესებს“, – განაცხადა ზარქუამ.

