პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ვალდებულია პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინოს.
ვახტანგ გომელაურთან კითხვები როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე „რესპუბლიკელებსაც“ აქვთ. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ კითხვები, რომელსაც გომელუარს დაუსვამენ შეეხება ე.წ. „ოდეერის“ თემას, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, თუ რას აკეთებს უსაფრთხოების სამსახური რუსულ რბილ ძალასთან მიმართებაში.
„გომელაური აუცილებლად უნდა მოვიდეს პარლამენტში. მე მაგალითად, პირადად მაქვს კითხვები, რა კეთდება რუსეთთან მიმართებაში. კითხვები ბევრია, მაგრამ კითხვა არ ნიშნავს, რომ კედელთან უნდა მივაყენოთ და დავხვრიტოთ, იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ საინტერესოა, რა ხდება. კითხვები მასთან ნამდვილად არის, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს, იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებასაც“ და „რესპუბლიკელებს“ ბევრი კითხვა გვაქვს მასთან. უპირეველს ყოვლისა, რა კეთდება რუსეთის რბილ ძალასთან მიმართებაში“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გომელაური პარლამენტში მისვლას თავს არ არიდებს, უბრალოდ მას მივლინებები აქვს და როდესაც დასრულდება, ის ყოველწლიური ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგება. რაც შეეხება კითხვებს, ისინი ჯერ წინასწარ არ აკონკრეტებენ.