ეს [ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტი] არის კიდევ ერთი მცდელობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც აქვთ პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდეს.
„ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ის ნარატივები, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტში: ევროპარლამენტში მუდმივად ვხედავთ, ვხედავთ ევროპის საბჭოში, იყო მცდელობა ეუთო-შიც გამოეყენებინათ – გახსოვთ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და ეს საკითხი აქტიურად განიხილება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

