აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კირ სტარმერის გადადგომა მაგალითია, როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მმართველ კლასს – მას  ბევრი ბინძური საქმე აკეთებინეს და როცა აღარ დასჭირდათ, გადადგომა მოსთხოვეს” – ლევან მაჭავარიანი

კირ სტარმერის გადადგომა მაგალითია, როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები დღევანდელი ევროპის წამყვანი ქვეყნების მმართველ კლასს – ბატონი სტარმერი იყო ამ ჯგუფების მიერ დაქირავებული, ძალიან ბევრი ბინძური საქმე აკეთებინეს და როდესაც აღარ დასჭირდათ, გადადგომა მოსთხოვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელი ლიდერები, არ ზრუნავენ საკუთარი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ “ქართულ ხაზს” მიჰყვება.

„მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე „გლობალური ომის პარტია“, „დიფ სთეითი“ დღევანდელი ევროპის წამყვანი ქვეყნების მმართველ კლასს. ბატონი სტარმერი იყო ამ ადამიანების, ამ ჯგუფების მიერ დაქირავებული. აკეთებინეს ძალიან ბევრი ბინძური საქმე და როდესაც აღარ დასჭირდათ, გადადგომა მოსთხოვეს. იგი არ სარგებლობადა ბრიტანელი ხალხის მანდატით და ნდომით. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებდა მისი რეიტინგი, რომელიც 15%-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული. სამწუხაროდ, ასეთივე რეიტინგით სარგებლობენ დღეს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ბევრი ლიდერი.

ბატონი სტარმერის პირობებში შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული უკიდურესად სასაცილო ტიპის გადაწყვეტილება (უსამართლოც აღარ ჰქვია), როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ. მიზეზად მოიყვანეს ის, თითქოს, ამ ტელევიზიების მეშვეობით ხდება უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. [შეგვიძლია გავიხსენოთ], ასევე ის სასაცილო ნარატივიც და რეპორტაჟიც, რომელსაც ალბათ, პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, თითქოს, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება ჩვენი მოქალაქეების დასაშლელად. ფიზიკურად მოწამლული ადამიანიც არ არსებობს. ეს გააკეთა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი სტარმერის მთავრობასთან იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად, ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელი ლიდერები, არ ზრუნავენ საკუთარი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე, საკუთარი ხალხის პრობლემებზე. მათი ხალხის ძირითადი უკმაყოფილება გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ასეთ პოლიტიკას ატარებენ ეს ლიდერები…

ჩვენ პრობლემებს არასდროს გავურბივართ. ჩვენ მიყვებით ქართულ ხაზს. ჩვენ ვართ ეროვნული, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და მიუხედავად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცებზე ამ ძალების უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟისა, ჩვენ ერთ ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინეს და არავის მივეცით უფლება, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, ისე როგორც გამოიყენეს უკრაინა. ჩვენი ხალხის გვერდში დგომით ამ გზას გავაგრძელებთ, უკან ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ. ჩვენ ვიქნებით მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....